
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერის რანგში საზოგადოებას პირველი ანგარიში წარუდგინა.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წელს მერიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში 60 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდა, მათ შორის 50 კილომეტრამდე სოფლებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 8 სკვერი და 9 სპორტული მოედანი, 11 სოფელში დამონტაჟდა ახალი სასმელი წყლის სისტემა, რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა, დასრულდა 3 და მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში სასწავლო პროცესი ახლად აშენებულ სკოლაში განახლდა.
მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს რიგი სამედიცინო სერვისების დაფინანსებასა და სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ფულადი დახმარებების გაცემას, 9 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.
მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში 200 - მდე პროექტი განხორციელდა. პროგრამების მიზანი, მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა სფეროს განვითარება და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა იყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ჟურნალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
0
0