
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სოფელ ტყვიავში დასუფთავების აქცია მოეწყო.
ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში ჩატარდა, გარდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისა, მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ჩეხეთის კარიტასის წარმომადგენლებმა მიიღეს. ასევე, აქციას შეუერთდნენ გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, ტყვიავის საჯარო და გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო 2010 წელს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს“ ინიციატივით შეუერთდა. დასუფთავების აქცია, რომლის მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაა, მიმდინარე წელს პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში 16, 17 და18 სექტემბერს ტარდება.
საერთაშორისო კამპანია 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული.
0
0