
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მიმდინარე წელს ჭრა-კერვა-მოდელირების შემსწავლელი კურსი ოცდაათმა სოციალურად დაუცველმა და იძულებით გადაადგილებულმა ქალმა გაიარა. თითოეულ მათგანს შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.
კურსდამთავრებულებმა ჭრა-კერვა-მოდელირების პრაქტიკულ კურსთან ერთად გაიარეს ტრენინგები სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ბიზნესპროექტების წერისა და ფონდების მოძიების თემაზე. მათგან 7 კურსდამთავრებული პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ახალი პროფესიული უნარების დახმარებით უკვე დასაქმდა სხვადასხვა სამკერვალო საწარმოში ან თავად წამოიწყო მცირე ბიზნესი.
პროექტი ,,ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია ,,ნაბიჯი განვითარებისთვის“ თანამშრომლობით განხორციელდა.
მერიასა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის 6 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, ჭრა-კერვის კურსებზე გადამზადდა 300 სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ქალბატონი, მათ შორის დასაქმდა 186.
პროექტი, ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 7 პროექტი დაფინანსდა. მათი მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ტრენინგების, სემინარების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით.
0
0