საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ნიკოლეიშვილმა დღეს, 15 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზღვაში, მოდრეიფე რკინის ტივტივა შენიშნა და შესაძლოა, საზღვაო ნაღმი იყო.
მოგვიანებით საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარეს გონიოს სანაპირო დაცვის სამსახურმა განუცხადა, რომ გონიო-კვარიათის სანაპირო წყლებში აღმოჩენილი საგანი ტივტივაა.
„გონიო-კვარიათი-სარფის მეთევზეების საყურადღებოდ!
დღეს ამ დილით, საპის დაფით ცურაობის დროს, გონიო-კვარიათის სანაპირო წყლების ზონაში (უფრო ზუსტად ე.წ. "პირამიდის" წინ) შევნიშნე მოდრეიფე რკინის ტივტივა.
არ არის გამორიცხული, რომ ის იყოს საზღვაო ნაღმი, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყავით, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ნაპირთან ახლოს ბადეები გაქვთ ჩადებული!
დღეს ზედაპირული დინება ბათუმის მხარეს იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად რკინის დაჟანგული ტივტივა, დინების საწინააღმდეგოდ კვარიათი-სარფის მხარეს მოძრაობდა!
ცოტა შორიდან მე ის პლასმასის ტივტივა ან სხვა საგანი მეგონა და მის ამოღებას ვაპირებდი, მაგრამ რადგან ის საკმაოდ სქელი რკინის ფენით იყო დაფარული, მისი ამოღებისგან თავი შევიკავე. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე განვაცხადე გონიოს სანაპიროს დაცვის სადგურში. როგორც ვიცი მათ სანაპირო დაცვის კატარღა გამოიძახეს, მაგრამ თავად ეს მოდრეიფე რკინის საგანი სარფის მიმართულებით საკმაოდ სწრაფად მოძრაობს და თანაც ნაპირთან უკვე ძალიან ახლოს - მაქსიმუმ 50-80 მეტრშია! ამიტომ ყოველი შემთხვევისათვის სანაპიროს მოაშორეთ ბავშვები და იქ მცხოვრებლებიც ყურადღებით იყავით!
სურათი არ გადამიღია, რადგან წყლის ფოტოაპარატი თან არ მქონდა და არც საზღვაო ნაღმებში ვერკვევი (ეს არ არის ჩემი ინტერესის სფერო), ამიტომ გთხოვთ ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამთ, მეტი ინფორმაციისათვის კი მიმართეთ გონიოს სანაპირო დაცვის სადგურს!
P.S. ვინც საზღვაო ნაღმებში ერკვევა შეუძლია მითხრას, ეს იარაღი მხოლოდ ასეთი სახით (ზღარბისებური ფორმით) მზადდება, თუ შეიძლება მას ჩვეულებრივი ტივტივას ფორმაც ჰქონდეს?“, - წერდა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით დავით ნიკოლეიშვილმა პოსტი განაახლა და სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერა, რომ მოდრეიფე საგანი ტივტივა აღმოჩნდა.
„მოკლედ ცოტა ხნის წინ გონიოს სანაპირო დაცვის სამსახურიდან დამირეკეს, ის მოდრეიფე საგანი ნახეს და ჩვეულებრივი ტივტივა აღმოჩნდა, მადლობა მათ და უკაცრავად თუ ვინმე ზედმეტად შევაშფოთე. სამწუხაროდ საზღვაო ნაღმებში ჯერ კარგად ვერ ვერკვევი, თუმცა რადგანაც ჩემი საქმიანობა სრულიად შავ ზღვას დავუკავშირე, როგორც ჩანს მეც მომიწევს ამ ჩემთვის სრულიად უინტერესო, მაგრამ ამავე დროს მეტად საჭირო საკითხებში გარკვევა“, - აღნიშნავს დავით ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, 2023 წლის 13 თებერვალს, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გამორიყული საზღვაო ნაღმი აფეთქდა. შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ნაღმები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამოჩნდა.
0
0