03/11/2024
20:26
ეკონომიკა
გოგრის და ყაბაყის ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან 349 570 აშშ დოლარის ღირებულების 477 ტონა აღნიშნული ბოსტნეულის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 495 850 დოლარის 582 ტონა გოგრა და ყაბაყი გავიდა საზღვარგარეთ. ყველაზე დიდი რაოდენობით, წელს გოგრა და ყაბაყი გავყიდეთ რუსეთში (200 ტონა - 178 180 აშშ დოლარი), შემდეგ სომხეთში (184 ტონა - 153 240 აშშ დოლარი) და შედარებით მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (92 ტონა - 18 160 აშშ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანას წელს გოგრის იმპორტი გაუძვირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში 728 ტონა გოგრა, ყაბაყი და გოგრისებრთა ოჯახის სხვა ბოსტნეულის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული ქვეყანას 341 650 აშშ დოლარი დაუჯდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოცულობაში მცირედით შემცირებულია, ხოლო თანხაში მნიშვნელოვნად გაზრდილი. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 734 ტონა გოგრა და ყაბაყი შემოვიტანეთ, რაც 138 020 დოლარი დაჯდა.
ძირითადად ბოსტნეული თურქეთში ვიყიდეთ. უმნიშვნელო რაოდენობით გოგრა და ყაბაყი წელს ირანიდანაც შემოვიდა.
0
0