
თბილისის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ). ამ გადაწყვეტილებით, თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ემხრობა გმირთა მოედანთან ორი ცათამბჯენის მშენებლობას. „ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოში პროექტის დამტკიცების ბოლო და მთავარი ეტაპია. ამის შემდეგ, საკითხი მშენებლობაზე ნებართვის მისაღებად თბილისის მერიაში ბრუნდება. მერია ნებართვას საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით იღებს.
პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
0
0