
რუსთაველის გამზირი, ვაკე, გმირთა მოედანი - გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე უბანში იმყოფებიან.
ამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულია გმირთა მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან მობილიზებულები.
ჯერჯერობით უცნობია მათი სამომავლო გეგმები.
ამასთან, აქციის მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად გადანაწილდნენ და საავტომობილო მოძრაობის შეფერხებას ცდილობდნენ. ვაკის პარკთან შეკრებილი მომიტინგეებიც ამ დროისთვის გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.
ნაწილი მსვლელობით აბაშიძის ქუჩაზე მიემართება. ადგილზე პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, აბაშიძეზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “გამოდით, გამოდით!”.
აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი აბაშიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, პარლამენტის წინ არიან შეკრებილები აქციის მონაწილეები, თუმცა ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული ჯერჯერობით არ არის. [20:40 საათის მდგომარეობით]
ინფორმაციის განახლება: ამ დროისთვის გმირთა მოედანზე მყოფი აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ [21:00 საათის მდგომარეობით]
0
0