11/04/2023
16:23
პოლიტიკა
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თბილისში ქართველი და უკრაინელი გმირების სახელობის სკვერის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციის
განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, უკრაინის საელჩო დედაქალაქის საკრებულოში ქართველი და უკრაინელი გმირების სახელობის სკვერის გახსნის ინიციატივით შემოვიდა.
„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ თბილისში აუცილებლად იქნება ქართველი და უკრაინელი გმირების მემორიალი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ელჩთან ერთად ორი ქვეყნის მეგობრობის ხაზგასასმელად გაჟღერდეს. უკრაინულმა მხარემ თავად განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩი დაინიშნება. ჩვენ მასთან ერთად გავივლით კონსულტაციებს, შევარჩევთ მემორიალის ადგილსაც და კონცეფციასაც”, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის თავმჯდომარემ სიცრუე უწოდა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გააკეთა და აღნიშნა, საკითხის პოლიტიზება მორალურად არ არის სწორი.
ოთარ გრიგოლია დღესვე ოპოზიციის მხრიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმართ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ქალთა უფლებების მიმართულებით არსებულ პროგრესს კარგად ხედავს, რაც თინათინ ნიბლოშვილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის დამსახურებაა.
0
0