
კვლევამ გვაჩვენა, რომ ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობა, სხვადასხვა მიმართულებით, 14 400 უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ პროცესები ახლა დაიწყო და გარკვეული გარდამავალი ეტაპებია საჭირო, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც ახალგაზრდების ინტერესი დაბალია და დეფიციტია, მაშინ, როდესაც ამ მიმართულებებზე შრომის ბაზარზე ძალიან მაღალი მოთხოვნილებაა.
„ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკურ მიმართულებებს – ვიცით, რომ სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია და რეალურად გამოჩნდა, რომ 71%-იანი დანაკლისია იმ მუშახელის და კონკრეტული კვალიფიკაციის სპეციალისტების, რომელთაც ამ დარგში შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. კვლევამ გვაჩვენა, რომ ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობა, სხვადასხვა მიმართულებით, 14 400 უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ პროცესები ახლა დაიწყო და გარკვეული გარდამავალი ეტაპებია საჭირო. შესაბამისად, წელს ვაპირებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 21 000-ზე მეტ ადგილზე გამოვაცხადოთ მიღება”, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანად არ მოხდეს შემცირება და პროცესები გარდამავალ პერიოდში განხორციელდეს, წელს დაახლოებით 35%-ით მეტ ადგილზე გამოცხადდება მიღება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ჩატარება აუცილებელია. მისი განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება, რადგან რეფორმის შედეგები და კვოტების განსაზღვრა პირდაპირ კავშირში იყოს ბაზრის მოთხოვნებთან.
0
0