
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ბაზრების, ადამიანებისა და იდეების დამაკავშირებელი სასიცოცხლო ხიდის როლს ასრულებს, იმ დროს, როდესაც მრავალი ტრადიციული მარშრუტი მზარდი გაურკვევლობის წინაშე დგას, შუა დერეფანი გლობალური ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კრიტიკულ გზად იქცა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
მისი თქმით, ენერგეტიკული მილსადენები, რკინიგზა, მაგისტრალები, პორტები და შავი ზღვის კავშირები საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეუცვლელ კავშირად აქცევს.
„საერთაშორისო კონსორციუმებთან ერთად, ნავთობისა და გაზის მილსადენები დასავლეთს საჭირო ენერგორესურსებით ამარაგებს. ჩვენი ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ენერგეტიკის დივერსიფიკაციას, ტრანსპორტირებას, რეგიონულ სტაბილურობას და უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოებას. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ ერთი ფასდაუდებელი აქტივი აქვს – მისი დადასტურებული საიმედოობა. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილის გადმოცემა მინდა თქვენთვის. მე მჯერა, რომ ეს გზავნილი, იმსახურებს არსებობას, პირადად გადაცემას მეგობრებსა და პარტნიორებს შორის, რომლებსაც საერთო მიზანი აქვთ. საქართველო იყო, არის და დარჩება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
0
0