
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი და მეგობრობის ჯგუფის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) კუანგტუნგის პროვინციის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
„ქართულ-ჩინური ურთიერთობები ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვითარდება. სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გვაქვს, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურონ, ისევე როგორც ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა. ქალაქ ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები გვაქვს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის აუცილებელია ჩინეთის სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის დედაქალაქის მიმართულებით, საქართველოდან განხორციელდეს პირდაპირი ავიარეისები. ასევე ვისაუბრეთ ტურიზმის განვითარებასა და კულტურულ ურთიერთობებზე“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი.
0
0