
მოთხოვნა, რომელიც ვაშაძემ დააყენა, პარლამენტის დაბლოკვის მოწოდება, აპრიორი გახლავთ კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობაში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური ორგანოს ბლოკირება არის უკანონო და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება და ვალდებულია, უზრუნველყოს, აღადგინოს ამ კონსტიტუციური ორგანოს მუშაობა.
„როდესაც მელია მოუწოდებდა პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, მაშინაც იყვნენ კონკრეტული ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი კანონი არ დარღვეულა და ეს ყველაფერი იყო გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მინდა, თქვენი ეთერით ვუპასუხო გიორგი ვაშაძის მოთხოვნებს, პირველი მოთხოვნა, რაც მან დააყენა, სხვათა შორის იყო ნიშანდობლივი და პირდაპირ წარმოაჩენს, თუ რა ინტერესები აქვს ამ რადიკალურ ჯგუფს და რისთვის სჭირდებათ საზოგადოებრივი პროტესტის აგორება. მან პირველ მოთხოვნად დააყენა, რომ პარლამენტს შემოვარტყათ ალყა და დავბლოკოთ პარლამენტიო, არ მივცეთ პარლამენტს მუშაობის საშუალებაო. მინდა, მას შევახსენო და საზოგადოებას ვუთხრა, რომ არსებობს უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოზე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური ორგანოს ბლოკირება გახლავთ უკანონო და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება და ვალდებულია, რომ უზრუნველყოს, აღადგინოს ამ კონსტიტუციური ორგანოს მუშაობა. შესაბამისად, მინდა, გიორგი ვაშაძეს ვუთხრა, რომ მოთხოვნა, რომელიც მან ხალხის სახელით დააყენა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასეთ რადიკალურ და უკანონო ქმედებებს არ ეთანხმება, არ უჭერს მხარს, ამაზე ნამსჯელი აქვს სტრასბურგის სასამართლოს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა, რომელიც ვაშაძემ დააყენა, პარლამენტის დაბლოკვის მოწოდება, აპრიორი გახლავთ კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობაში. დანარჩენზე დასკვნები თქვენ გამოიტანეთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის გულწრფელ რეაქციებს იყენებს პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის.
0
0