
დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 208 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა, მთაწმინდის პანთეონში, დიმიტრი ყიფიანის საფლავი ყვავილებით შეამკეს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დიმიტრი ყიფიანმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თვითმმართველობის განვითარებაში.
„დღეს პატივი მივაგეთ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, გულანთებული პატრიოტის, წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას. მისი ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის უკომპრომისო ბრძოლის, სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს განვითარებაში დიმიტრი ყიფიანმა უდიდესი როლი შეასრულა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. აღსანიშნავი და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიმიტრი ყიფიანი, 1876-1879 წლებში, თბილისის პირველი არჩეული ქალაქის თავი იყო. მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ჟურნალის „ცისკარი“ დაფუძნება. დიმიტრი ყიფიანი გახლავთ არაერთი სამეცნიერო და ისტორიული ნაშრომის ავტორიც.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს ისტორიული სხდომათა დარბაზი სწორედ დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. ამავე დარბაზში ცოტა ხნის წინ პირველი ქალაქის თავის ბიუსტიც დაიდგა. გარდა ამისა, დედაქალაქის საკრებულოში საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცეც ფუნქციონირებს.
0
0
სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს
19/08/2025