28/11/2023
16:28
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოში ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი ტყემალაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს მეთიუ მორის და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თბილისის საკრებულოში მიმდინარე ევროპის საბჭოს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ეძღვნება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 18 მუნიციპალიტეტს მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა ადგილობრივი თვითმმართველობების როლი დემოკრატიის განვითარებაში.
მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საბჭოს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი მეთიუ მორი, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ კარნერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
0
0