08/12/2022
15:37
ეკონომიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, 10 დეკემბერამდე თბილისის საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარედგინება, რომლელიც მილიარდ 632 მილიონი ლარით განისაზღვრა.
„2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 72 მილიონით მეტია 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. აქვე მინდა გითხრათ, რომ ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი შეადგენს 440 000 000 ლარს და საბოლოოდ ბიუჯეტი იქნება მილიარდ 768 მილიონი ლარი. წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ ველოდებით გარკვეულ ზრდას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
„მე მინდა, რომ კარგად გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები. ჩვენ თბილისის ბიუჯეტში მნიშვნელოვან პრიორიტეტად გვაქვს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, რომლისთვისაც 2023 წლის ბიუჯეტით 500 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით 240 მილიონი ლარია გამოყოფილი.
კონკრეტულად შემიძლია ჩამოვთვალო, ინგოროყვას, სულხან- საბას, წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით გვაქვს კიდევ ერთი საბოლოო ვერსია და მესამე პროექტი გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება. აქვე, მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტი ავარიული სახლის ჩანაცვლება განვახორციელოთ 2023 წელს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იგეგმება აკაკი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ამ მიმართულებით, 2023 წელს ქალაქს 200 ერთეული ახალი, 18 მეტრიანი ავტობუსები დაემატება. შეიძლება ითქვას, რომ ინფრასტრუქტურასთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლება და ჩანაცვლება უკვე მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ. გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში უახლოეს დღეებში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები გაიმართება როგორც კომისიებში, ასევე ფრაქციებში.
„ვფიქრობ, რომ 2023 წლის ბიუჯეტი საბოლოო ვერსია მაქსიმალურად სამართლიანად არის გადანაწილებული. საკრებულოს უმრავლესობა დედაქალაქის მერიასთან ერთად, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მომავალი წლის ბიუჯეტით გაწერილ ხარჯებზე,“ -დასძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024