
პარტიების გაუქმებით დიდი ხანია, გვემუქრება ივანიშვილი. ფორმა, რომლითაც ახლა ეს დაინიცირდა, სრულიად არაკონსტიტუციური, თვითნებურია და მიზნად ისახავს ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გაქრობას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძემ კომენტარი გააკეთა ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება, წევრობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, პარტიის დაფინანსება, სიაში შეყვანა.
გიორგი სიორიძის თქმით, „ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯისთვის მზად არის და დანებებას არ აპირებს.
„ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელო“ მზად ვართ რეჟიმის მხრიდან ნებისმიერი რეაქციისთვის. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა პოლიტიკურ სისტემაში გვაცხოვრებს მთელ ქვეყანას ივანიშვილი, მაგრამ მზად ვართ ყველა მათი ნაბიჯისთვის. ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრძოლის ნებისმიერი მშვიდობიანი და კონსტიტუციური ფორმა არის გამოსაყენებელი. რაც არ უნდა მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ გაჩერებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული და ერთხელ და სამუდამოდ გადავფურცლოთ საზოგადოებასთან ერთად ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
0
0