
მოულოდნელი და გაუგებარი არაფერია იმაში, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომში ევროკავშირს საკუთარი ინტერესები ამოძრავებდეს, მთავარია, მაქსიმალური ორიენტაცია იყოს იმაზე, რომ ომი დასრულდეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, ძალიან რთული, ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის მისაღწევად.
„დღეს ერთგვარი ჩიხური მდგომარეობაა. ჩიხშია არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც და ევროკავშირიც. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რაც შეეხება თავად გეგმას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს საბოლოო გეგმა არ არის და კიდევ სხვადასხვა ვარიანტი ვრცელდება. ბუნებრივიცაა, რომ ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ დასრულდება. ძალიან რთული, ხანგრძლივი პროცესია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს და რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, ამ რეგიონში მიღწეული იყოს გრძელვადიანი მშვიდობა, რა თქმა უნდა უკრაინის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ დათმობაზე წასვლა ყველა მხარეს მოუწევს. ეს უნდა გვესმოდეს, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს სისხლისმღვრელი ომი. გაუგებარი და მოულოდნელი არაფერია იმაში, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომში ევროკავშირს საკუთარი ინტერესები ამოძრავებდეს. მთავარია, მაქსიმალურად ორიენტაცია იყოს იმაზე, რომ ომი დასრულდეს, რეგიონი, მსოფლიო ამ ჩიხიდან გამოვიდეს. გათვალისწინებული იყოს უკრაინის ინტერესები და ისეთი მოდელი შეიქმნას, რომელიც რუსეთს გრძელვადიანად შეაჩერებს არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, ამ რეგიონში. სამწუხაროდ, რუსეთი საფრთხე დღეს მხოლოდ უკრაინისთვის არა არის. რუსეთი საფრთხეა მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
0
0