
ჩვენ ვხედავთ, „ოცნების“ რეჟიმი როგორ იყენებს თავისთვის სასარგებლოდ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციას, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეძახით პროვოკაციას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, ასეთი პროვოკაცია მოხდეს ქვეყანაში და ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ იყოს.
„დღეს, მგონი, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე ხშირად ამ ფაქტზე და ამაზე საუბრის დიდ სურვილსა და მოტივაციას ვერ ვხედავთ, რომ ჰქონდეთ სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის ამ პროვოკაციის ორგანიზებაში, ხელშეწყობაში. ზოგი შეიძლება, შეცდომაში იყო შეყვანილი, ზოგი შეიძლება, სასარგებლო იდიოტის როლში იყო, ზოგი შეიძლება, გააზრებულადაც აკეთებდა ყველაფერი იმას, რასაც აკეთებდა. ამიტომ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგი უბრალოდ, ამ პროცესს ემიჯნებოდა 4 ოქტომბრის კონტექსტში. ანუ, 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ კუთხით, მაგრამ არ ემიჯნებოდა ბოიკოტს, არ ემიჯნებოდა ზოგადად, დამხობის სცენარს და ასე შემდეგ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არჩევანს როდესაც აკეთებს, საზოგადოებას მოუწოდებს და არწმუნებს, რომ პოლიტიკური ცვლილების ერთადერთი გზა არის ქუჩა, ნუ, ძალადობრივი, მერე კი შეიფუთა ეს სიტყვები მშვიდობიანად, მაგრამ მე მგონი, ყველას კარგად ესმოდა და დღეს მით უფრო ყველა დარწმუნდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ არსებობს მშვიდობიანი დამხობა. ასეთი ფაქტი ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება. ადარებდნენ ხოლმე 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“, რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ უბრალოდ, შეუძლებელია, დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტი შევადაროთ 2003 წლის კონტექსტს. მერე ისიც ვიხილეთ, როგორ გამოვიდა ბატონი სააკაშვილი და თავადაც აღიარა სოციალურ ქსელში თავის მორიგ პოსტში, რომ კი ბატონო, „ვარდების რევოლუციასთან“ ასე პირდაპირი ანალოგი არ იყოს სწორი და ასე შემდეგ. დღეს თითქოს, ყველამ დაიწყო ნელ-ნელა ამ შეცდომებზე საუბარი, რაღაც საკუთარი აღიარება იმისა, რომ რაღაც არ იყო სწორი და ასე შემდეგ, მაგრამ პროცესმა, 4 ოქტომბრის პროვოკაციამ დააზიანა პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა შარაშიძემ.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამას იმიტომ კი არ საუბრობს ასე აქტიურად „გახარია საქართველოსთვის“, რომ მათ რაღაც მაინცდამაინც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა უნდათ, გამოიკვეთოს და ა.შ., უბრალოდ, მათ ერთადერთი რამ უნდათ, რომ ეს აღარ განმეორდეს ამ ქვეყანაში და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.
„შეცდომა თუ იყო, ამასაც უნდა დაერქვას თავისი სახელი, რომ ეს იყო შეცდომა და თუ ეს იყო დანაშაული, რომელშიც ადამიანები მიზანმიმართულად, გამიზნულად მონაწილეობდნენ, მაშინ ამას უნდა დაერქვას დანაშაული. სხვა შემთხვევაში ჩვენ ძალიან სამომავლო მოქმედების, გეგმების დასახვა მოგვიწევს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს ნამდვილი ევროპული დემოკრატია“, – განაცხადა შარაშიძემ.
შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ამ პროვოკაციას გეგმავს „ოცნება“, რომლის ხელშიც სრულად არის კონსოლიდირებული ძალაუფლება, მათთვის გაცილებით ადვილია ამ პროვოკაციის ისე დაგეგმვა, რომ საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი კი არ დააზიანონ, პირიქით, გაიძლიერონ და „საბოლოო ჯამში, სწორედ ეს მივიღეთ“.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამოდის თუ არა მისი საუბრიდან ის, რომ ოპოზიციის სრული სპექტრი გაურიგდა ხელისუფლებას, რაც ალბათ, რთულად გასაგები იქნება მათი მხარდამჭერებისთვის, რადგან ფაქტობრივად, გამოდის, რომ ისინი მოატყუეს და გაწირეს, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ასე გამოდის.
„კი ბატონო, ასე გამოდის. თქვენ გახსენდებათ, რა ვიცი, რამდენი ხანი გავიდა უკვე ამის შემდეგ და ათობით ადამიანი არის დაპატიმრებული, აქ არიან პოლიტიკოსებიც, არიან უბრალოდ, რიგითი ადამიანებიც, ვისზეც ახლა თქვენს საუბრობთ და არც ბოდიში მოუხდია მათთვის არავის, არც მათი ბედით დაინტერესებულა ვინმე და საერთოდ, გაუგებარია ამ ადამიანების ბედ-იღბალი, ხომ? მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ და თან, შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც ამ ადამიანებს უკვე პოლიტპატიმრებსაც ვეღარ უწოდებ იმ დანაშაულის გამო, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს“, – განაცხადა შარაშიძემ.
0
0