
„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიული უკუსვლა „ზელენსკის გარეშეც კარგად არის ცნობილი“.
მისივე თქმით, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა კრიტიკად არ უნდა აღიქმებოდეს.
„ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი როდესაც გარკვეულ მხარდაჭერას გამოხატავს, არ მგონია, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება იყოს, როდესაც ჩვენს მეგობრებს გული შესტკივათ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.
„ნამდვილად ვერავინ უარყოფს, „ოცნების“ გარდა, რომ საქართველოში დღეს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არ არის დაცული. „ოცნების“ პირობებში საქართველო კარგავს ევროპულ მომავალს, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მეგობრები მტრად გამოაცხადოს, ხოლო მტერი ვინც არის, მასთან ალიანსი შეკრას. შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ ზელენსკის გარეშეც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არ არის მარტო „ოცნებაზე“ დამოკიდებული.
მისივე თქმით, „ოცნებას“ დღეს ხელისუფლება აქვს მიტაცებული, თუმცა ეს დროებითია და ქართველი ხალხი მაინც დაიცავს ევროპულ მომავალს.
„ეს კრიტიკა კი არ არის, არამედ გულშემატკივრის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება. როცა მეგობარს საქართველოზე გული შესტკივა, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მთავარია, რას ვეძახით კრიტიკას. დარწმუნებული ვარ, ეს გულშემატკივრის პოზიციიდან გაკეთებული განცხადებაა, ამაზე არ არის საჭირო დიდი აჟიოტაჟი. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო იყო ასოცირებული ტრიოს ნაწილი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ამიტომ ნუ წარმოაჩენთ ისე, თითქოს უკრაინისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველო იქნება თუ არა ევროპული ოჯახის წევრი. ვინც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, ყველა შეწუხდება იმ მდგომარეობით, რაც დღეს საქართველოშია, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით“, – განაცხადა შარაშიძემ.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს“.
0
0