
მარკ რუტეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სრულიად ამოვარდნილია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებიდან, რასაც ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი თავისი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესებისთვის იყენებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.
„სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. შეიძლება, ეს არ იყოს უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის გაუქმების შესახებ, რაც არ შეესაბამება ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, დააშოროს როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პერსპექტივას და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვოს პირისპირ ჩვენს მთავარ მტერთან, რუსეთთან. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია და საქართველოში, ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, ჩვენი განვითარებისთვის უზარმაზარ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა: „საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს“.
0
0