
დებატებზე უარს არ ვამბობთ. უარს ვამბობთ „ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ პროპაგანდისტულ ფარსზე – საკუთარი სატელიტური პარტიების და დახელფასებული ექსპერტების მონაწილეობით – რომ დაანონსებული დებატები ისევ საკუთარი პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენოს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რეალურ დებატებში მონაწილეობისთვის მზადაა.
„რეალურ დებატებში მონაწილეობისთვის არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ ახლა, პარლამენტის ტრიბუნიდან მოვუწოდებ ხელისუფლებას, მზად ვართ, ნებისმიერ ტელევიზიაში, ერთი-ერთზე ვედებატოთ მოქალაქეებისთვის აქტუალურ ნებისმიერ საკითხზე“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
კითხვაზე, „იაგო ხვიჩია, რომელიც ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დებატებს დათანხმდა, არის „ქართული ოცნების“ სატელიტი ოპოზიციონერი?“, – შარაშიძემ უპასუხა: „დიახ, რა თქმა, უნდა. არსებობს ორი „გირჩი“. არსებობს „ოცნების“ „გირჩი“ და „ნაცების“ „გირჩი“. ჩვენ არც ერთს და არც მეორეს რეალურ ოპოზიციად არ განვიხილავთ. იმის არ იყოს, რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდაო, დიდი ბოდიში, მაგრამ დებატებს რომ მიანონსებ და შემდეგ მიწვევ პანელურ დისკუსიაზე, სადაც შენი ტელევიზია, სატელიტური პარტიები და ექსპერტები მოგყავს, ამას ღირსებასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს. ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, ხომ? ეს არ არის დებატები. როცა ვამბობდით, რომ დებატის ნებისმიერ ფორმატზე ვიყავით თანახმა, რეალურ დებატებს ვგულისხმობდით, „ოცნებამ“ კი, პროპაგანდისტული პანელური დისკუსია შემოგვთავაზა. ეგრე არ გამოვა“.
0
0