
კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა იტალიის ემილია- რომანიის რეგიონის კულტურის სახელმწიფო ფონდისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „საჩუქრის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ემილია- რომანიის კულტურის სახელმწიფო ფონდსა (ATER Fondazione) და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს შორის გაფორმებული მემორანდუმი; ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და გაცვლითი პროექტების განსახორციელებლად, რაც საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ფესტივალ „საჩუქრის“ 28-ე სეზონის ფარგლებში უკვე გაიმართა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და ემილია-რომანიის ეროვნული თეატრის ერთობლივი ნამუშევრის თეატრალიზებული პრეზენტაცია. 2026 წელს ისინი ერთობლივი ნამუშევრით წარდგებიან ემილია-რომანიის ეროვნულ თეატრშიც.
კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ, კულტურის სამინისტროს სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველი და იტალიელი ხელოვანების თანამშრომლობას და გამოთქვა რწმენა, რომ საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ 28-ე სეზონი წარმატებული იქნება.
1
0