
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გიორგი მათიაშვილმა განაცხადა, გიორგი ბარამიძემ ვიღაცის მიერ შეკვეთილი მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, აფხაზეთის ომის შემდეგ დიდი დროა გასული, მსგავსი რამე თუ მოხდა ადრე უნდა გამოეძიებინათ.
„სოხუმში საომარი მოქმედებების დროს ვიმყოფებოდი ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით პროკურატურიდან. სოხუმში ბრძოლების დროს ვიმყოფებოდით, ვიძიებდით რუსეთის ჯარის სხვადასხვა დანაშაულებს წარმოებული ოპერაციების დროს. კერძოდ, 1992 წლის ივლისში, თუ არ ვცდები, ან აგვისტოს პერიოდში, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ მოხდა ჩამბას ქუჩაზე 500-კილოგრამიანი ბომბების ჩამოგდება სპეციალური პარაშუტებით, ბომბები კერძო დასახლებაში ჩამოვარდა, უდიდესი მსხვერპლი იყო. იყო ასევე, ე.წ. გრადებით ყოველდღიური დაბომბვები და ვმონაწილეობდით ამ საგამოძიებო მოქმედებებში. ბევრი მებრძოლისაგან გამიგია, რომ აქეთ მკურნალობდნენ აფხაზებს და ჩრდილო კავკასიელებსაც, მკურნალობის შემდეგ კი, გადასცემდნენ, არათუ ვინმეს დახვრეტა იყო. თბილისში ბევრი სოხუმელი ექიმია, ისინი ამბობენ, რომ ვმკურნალობდითო, გამოჯანმრთელებულებს გადავცემდით მეორე მხარესო. რას ჰქვია დახვრეტა. თავზარდამცემი რამ განაცხადა, უცხოელიც კი ვერ იტყვის ასეთ რამეს“, – განაცხადა გიორგი მათიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ბევრი მოღალატე ყოფილა.
„რა არ გაგვიგია, მაგრამ ასეთი რამე 21-ე საუკუნეში, არ ვიცი, რით მოქმედებენ, ვინ რა დავალებას აძლევს, ვერ გეტყვით. ადამიანს როგორ უნდა მოუვიდეს თავში ასეთი აზრი, განცვიფრებული ვარ. მტკიცებულებას უწოდებენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. „ქართული ოცნების“ პირობებში საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ძლივს მიაღწიეს ჩაეწერათ, რომ ნამდვილად მოხდა რუსეთის დანაშაულებრივი შემოჭრა და ახლა ეს აცხადებს – არა, რუსები უფრო იცავდნენ კანონიერ ფარგლებს, უფრო აზიზად იქცეოდნენ და ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთო. არათუ ვეტერანები და საერთოდ საზოგადოება, ნორმალურად მოაზროვნე ნებისმიერი მოქალაქეა განცვიფრებული. მოსახლეობა დღემდე მეგობრობს აფხაზებთან, აქვთ შერეული ოჯახები თბილისში. ჩემს მეგობარს ჰყავს აფხაზი მეუღლე. სად ყოფილა ასეთი რამ?! ომის პირველ დღეებში, რამდენადაც ვიცი, როცა თავდაცვის პოზიციაში ხარ, ტყვეს ვერ აიყვან. ვინც თავდასხმის პირობებში იმყოფება, იმან შეიძლება, აიყვანოს და ჩვენ, რა ტყვე უნდა აგვეყვანა, ან ვინ უნდა დაგვეხვრიტა. ბარამიძე რას გულისხმობდა, ყველამ ძალიან კარგად გაიგო და რისთვისაც გულისხმობდა, გავიგეთ. მით უმეტეს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, ყველამ გაიგო, რასაც აზროვნებდა და რაც თქვა“, – განაცხადა გიორგი მათიაშვილმა.
1
0