
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური განცხადებისთვის დააკავეს.
როგორც კონდახიშვილმა სუს-ის შენობაში ხაბეიშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს
განუცხადა, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება პოლიციის თანამშრომლებისთვის კვლავ ძალაშია.
„მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და გადმოგცემთ მის სიტყვებს: იგი არის პოლიტიკოსი, რომელიც დააკავეს პოლიტიკური განცხადებისთვის. იგი დააკავეს იმისთვის, რომ ჰქონდა რწმენა გამარჯვების და არ უნდოდათ, ეს რწმენა ხალხს გადაედოს. იგი ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე. მას აქვს იგივე „მესიჯი“ ძალოვანი სტრუქტურის ყველა თანამშრომელთან. შეთავაზება არის ძალაში: პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოებს სოლიდური ფულადი ჯილდოთი. ეს არის ლევანი დანაბარები და მისი „მესიჯია“: ბრძოლა ბოლომდე. ლევანის სიტყვებია, რომ იგი არის დაკავებული პოლიტიკური განცხადების გაკეთებისთვის. ბრალდება, რომელიც მოიცავს თითქოსდა ქრთამის შეთავაზებას, არის აბსურდული, ხელისუფლება, რომელიც მოვიდა „მესიჯით“: 5 მლნ თითო სოფელს, ლევანს აპატიმრებს დაპირებისთვის, რომელიც როგორც პოლიტიკოსი, როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს საკუთარი უფლებამოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“,- განაცხადა კონდახიშვილმა.
0
0