
გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც - ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა მარკერის კვალის გამოჟონვის საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენა და მივიღეთ ზომები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება მოხდეს,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხმის მთვლელ აპარატზე, ბიულეტენის მოთავსების ჭრილის ზემოთ მოთავსებული იქნება მყარი ქაღალდის საფარი, რომელიც მარკერის კვალის გამოჟონვის შემთხვევაში, მის იდენტიფიცირებას შეუძლებელს გახდის.
„როგორც გასულ, ისე ამ არჩევნებზეც ხმის ფარულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ კარგად ვნახეთ ის სპეკულაციური შეფასებები და შეურაცხმყოფელი ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის გამოჟონვის კვალი იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ სადმე დაირღვა ამომრჩევლის ნება. ვნახეთ შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უფლებამოსილი პირები კენჭისყრის შენობაში კანონსაწინააღმდეგოდ ახორციელებდნენ ფოტო/ვიდეო გადაღებას. ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანმა ინსტიტუციამ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა ეს საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენა და მივიღეთ ზომები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც ხელს მისცემს დაინტერესებულ პირებს, რომ ამ არჩევნებზეც ამ საკითხით სპეკულაცია მოახდინონ. ამიტომ მივიღეთ ზომები, რომ სპეკულაციები დავაზღვიოთ და არა ის, რომ ფარულობა ირღვეოდა და ამიტომ რაღაც დამატებითი მექანიზმები უზრუნველყავით.
გასულ არჩევნებზე, შეიძლება იყო გამოჟონვის კვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ იდენტიფიცირება მოეხდინა თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც. ეუთო/ოდირის დასკვნაშია არაფერი წერია ფარულობის დარღვევაზე, იქ წერია ალბათობაზე, კომპრომეტირებულ შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ალბათობა ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებითო და არცერთ შემთხვევაში იქ საუბარი არ არის მტკიცებით ფორმაში, რომ ფარულობა დაირღვა. ბმა ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის არცერთ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, რაც ნიშნავს, იმას რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმატი არ გამოვიყენოთ ან გამოჟონვის კვალი იყოს, ვერავინ ვერასდროს, ვერ დაადგენს იმას თუ რომელი ბიულეტენი რომელ ამომრთველს მიეკუთვნება, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ჩვენი ინსტიტუციის პასუხისმგებლობა, რომ ხმის ფარულობა უზრუნველყოფილი იყოს. ხმის ფარულობა იყო და არის დაცული.
რაც შეეხება სპეციალურ საფარს, ეს არის ხმის მთვლელ აპარატზე, ბიულეტენის მოთავსების ჭრილის თავზე მოთავსებული ქაღალდის მყარი საფარი, ეს არის იმისთვის, რომ ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, მარკერის კვალის გამოჟონვის შემთხვევაში შეუძლებელი იყოს მარკერის კვალის იდენტიფიცირება“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
0
0