
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი გორგაძესთან, რომელიც სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ის შეუძლოდ პროცესის დაწყებისთანავე გახდა. ბრალდებულთან სასამართლოს ექიმი გამოიძახეს, სხდომათა დარბაზი კი დამსწრეებს დაატოვებინეს.
ცოტა ხნის წინ დარბაზში გორგაძის მშობლები შეიყვანეს.
დაკავებულებიდან ერთ-ერთის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განმარტებით, ექიმმა მათ უთხრა, რომ გორგაძემ დილით, მშიერ კუჭზე „ნიმესილი“ დალია, ამასთან, რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა, ეს მდგომარეობა კი შემდეგ პერიოდს ახასიათებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს საჭმელს მიუტანენ, მდგომარეობას სასწრაფოს ბრიგადაც შეაფასებს და იმის მიხედვით გადაწყვეტენ თუ როგორ იმოქმედონ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0