01/02/2022
10:42
პოლიტიკა
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტის გამოთხოვის პროცედურას დღესვე დაიწყებენ.
„დღევანდელი საფრთხე არ არის მხოლოდ უკრაინის გამოწვევა და არის საქართველოს გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. გვესმის, არც იმის პოლიტიკური რესურსი არსებობს დღეს და არც პოლიტიკური მზაობა ვისაუბროთ უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, თუმცა აუცილებელია, რომ საქართველომ გამოხატოს სრულფასოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ. ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დავაინიცირეთ შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავდა მის მხარდაჭერას იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს. სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ შემოგვთავაზა საკუთარი რეზოლუციის პროექტი, სადაც ისიც ვერ გაბედა, რომ აგრესორისა და ოკუპანტისთვის თავის სახელი დაერქმია. მმართველი პარტია ამ ქმედებით ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებსაც, ვინაიდან რუსეთი ემუქრება საქართველოსაც. უკრაინის მხარდაჭერა არის ზეპარტიული საკითხი და არ არის მიზანშეწონილი რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ვიხილავდეთ ორი რეზოლუციის პროექტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი რეზოლუციის ნაწილში გამოთხოვის პროცედურას ვახორციელებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ „ოცნებას“ ეყოფა გამბედაობა, ოკუპანტს უწოდებს ოკუპანტს და უკრაინას გამოუცხადებს სათანადო პოლიტიკურ მხარდაჭერას,“ - განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის“ წევრების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, პარლამენტში 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. აღნიშნული რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს და ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.
0
0