
გიორგი გახარიას [ჩორჩანას ეპიზოდთან] კავშირი, რა თქმა უნდა, აქვს და იგი გამოკითხული იქნება - ამ საქმეზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ ახლად არჩეულმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებლად გამოიკითხება ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე სახის შეხება ჰქონია.
„ჩორჩანას ეპიზოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპაციაში დახმარებას. ამ საქმეზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, იკითხება ხალხი. აუცილებლად გამოიკითხება ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე სახის შეხება ჰქონია ამ საქმესთან. კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვთვლი, რომ არ არის ჯერჯერობით გასაჟღერებელი, თუმცა ისევე როგორც სხვა ბევრ საქმეზეც, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას მასმედიის სხვადასხვა საშუალებით და ჩაგაყენებთ საქმის კურსში როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას, რა თქმა უნდა, თუკი გვექნება უკვე შეკრებილი მტკიცებულებები რომელიმე კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. რაც შეეხება გიორგი გახარიას - მას კავშირი, რა თქმა უნდა, აქვს ამ საქმესთან და იგი გამოკითხული იქნება“, - განაცხადა გვარაკიძემ.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა რომ გიორგი გახარია პასუხისგებაში მიეცეს, გენპროკურორი პასუხობს: „დაველოდოთ მოვლენებს. ჯერ ვერაფერს ვიტყვით მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჯერ არ დამდგარა ის დღე, როდესაც უნდა გამოცხადდეს ბატონი გიორგი გახარია".
0
0