
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და საზოგადოება ნახავს, რა შედეგებიც დადგება.
მისივე თქმით, „საინტერესოა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩუმად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები“.
„პირიქით, ხედავთ, რომ ამ მხრივ თითქოს ვეღარანაირ პრობლემას ვერ ხედავენ, მიუხედავად იმისა, პირდაპირი დავალებაა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ამიტომ, ვნახოთ, გადაწყვეტილების არსია, რომ მოხდეს უფრო დეტალური გამოძიება. გამოძიება ტარდება, რა შედეგები დადგება ამას შევხედავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გახარიას გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერ ადგილას, ასე „ოცნებას“ არ ჩავბარდები, უნდა ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტური ვართ, ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა ჯერჯერობით არის ბრიუსელში“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „გახარია სიტუაციური მატყუარაა“.
„გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც დადასტურდა არაერთხელ, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე. მან სამ წუთში თქვა ორი სხვადასხვა რამ. თქვა, რომ არ ახსოვს ელჩები, ვისთან რა ჰქონდა საუბარი გადადგომის წინა დღეს, შემდეგ ხუთ წუთში თქვა, რომ ამერიკის ელჩს შეხვდა. საბოლოო ჯამში, უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა თანამდებობიდან. სიტუაციური მატყუარაა. ამავე დროს, ხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს. გარბის ყველა შემთხვევიდან. 2021 წელს გაიქცა „ქართული ოცნებიდან“, ახლა გაექცა თავის პარტიას და ასე დარბის, თან იტყუება. რა ვიცი, რა გითხრათ, პირდაპირ ეთერში ყველა ხედავს, მისი პროფილი რა ღირებულებების მატარებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0