
თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული - ერთი სიტყვა გამოსვლის დროს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეეშალოს, რა პრობლემაა ამაში?! - მან აზრი შესანიშნავად ჩამოაყალიბა! - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო საზოგადოებამ ამ ფორუმზე საქართველოს ხმა მოისმინა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ქალბატონი თამარი ბრძანდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალბატონი მელანია ტრამპის მოწვევით, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხმა გაჟღერდა ამ ფორუმზე. რაც შეეხება მის გამოსვლას, აქ კითხვები არ არსებობს. გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები და ის ძირითადი სათქმელი, რაც ქალბატონ თამარს სურდა, რომ გაჟღერებულიყო. კრიტიკაში რას გულისხმობთ?! ერთი სიტყვა გამოსვლის დროს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეეშალოს, რა პრობლემაა ამაში?! მან აზრი შესანიშნავად ჩამოაყალიბა და ის ძირითადი მესიჯები, პოსტულატები გამოსვლისა, რაც უნდა თქმულიყო, გაჟღერდა. მსოფლიო საზოგადოებამ მოისმინა საქართველოს ხმა ამ ფორუმზე,“ - განაცხადა გაბუნიამ.
0
0