
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თემურ ადონია აცხადებს, ჩიკვაიძე მის „უკანონო დაკავებას აპროტესტებს და შიმშილობს“.
„სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო იმისთვის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს პირობებს არღვევდა, მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით არ უნდა შესცვლოდა... თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ, თვლის, რომ უკანონო პატიმარია და შიმშილობს. გლდანის მე-8 დაწესებულებაში გუშინ შევხვდი და შიმშილობა აქვს დაწყებული დაკავების მომენტიდან“, - აცხადებს ადონია.
გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს, მას შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.
ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.
გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული, ასევე საზღვრის კვეთის აკრძალვა აქვთ.
0
0