
როდესაც მიხეილ სააკაშვილი აშენებდა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, თურმე ამ მოღალატეებისა და პუტინის აზრით, ეს ყოფილა დანაშაული. რეალურად პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და მძევალი, ამ მოღალატე და კრიმინალური რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მეორე ინსტანციის სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ქართველი ერი თავის ღირსეულ ადგილს მიაკუთვნებს პრეზიდენტ სააკაშვილს და ასევე, თავის ადგილს მიუჩენს „ქართულ ოცნებას“.
„გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ჯიბის სასამართლომ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც მას, თითქოს, მოპარული ჰქონდა 19 მილიარდი და ამას ედავებოდნენ, შემდეგ ეს რეჟიმი დავიდა იქამდე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ედავებიან და მიუსაჯეს პატიმრობა იმის გამო, რომ, თითქოს, მან 9 მილიონი გაფლანგა, არასწორად დახარჯა, როცა ყველაფერი მის ანგარიშებში წარმოდგენილია, არაფერი დამალული არაა. საუბარია იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც როგორც სახელმწიფო მეთაურმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, გააკეთა თავისი მოღვაწეობის დროს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ბუნებრივია სხვადასხვა საერთაშორისო ვიზიტი, ლიდერების მიღებაც და სხვა ყველა ხარჯი, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს მოღვაწეს იმისთვის, რომ მან საკუთარი ფუნქცია შეასრულოს. მათ შორის, გნებავთ პიჯაკის ყიდვა იქნება თუ სამედიცინო ხარჯი. ეს ყოფილა თურმე დანაშაული, ეს ყოფილა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალი, რომ მან შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის, პირველი პირის და უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია. რეალურად კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და მძევალი, ამ მოღალატე და კრიმინალური რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედაც მან პირნათლად შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა, როდესაც მან დაიცვა ჩვენი სამშობლო არამარტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსული აგრესიის დროს, მან არ დატოვა საქართველო და მოახდინა საზოგადოების, ქვეყნის, ჯარის და საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაცია, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის სახელმწიფოს მეთაური იყო, როდესაც ის აშენებდა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, რომლის მშენებლობის დროსაც მან უამრავი რეფორმა განახორციელა. თურმე ამ მოღალატეების და პუტინის აზრით, ეს ყოფილა დანაშაული. თუ ეს დანაშაულია რომ ქართულ სახელმწიფოს აშენებ, თუ ეს დანაშაულია, რომ შენს ერს პირნათლად ემსახურები და აშენებ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, ამას გადაწყვეტს ქართველი ერი და რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ ადგილს მიაკუთვნებს პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელს და ასევე თავის ადგილს მიუჩენს როგორც ბინძურ მოღალატეებს ამ რეჟიმს, რომლებიც ემსახურებიან პუტინს და ასრულებენ პუტინის დავალებას“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. კერძოდ კი, მოსამართლეთა პალატის მიერ, უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9- წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა. ცნობისთვის, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
0
0