
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე იმ ფაქტებს ასახელებს, რომელიც „ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობას და რუსეთთან კავშირს“ ადასტურებს.
ბარამიძემ აღნიშნულზე საუბრით ბიძინა ივანიშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა.
„მინდა გამოვეხმაურო მოღალატეთა, კრიმინალთა ბანდის ე.წ. პრემიერ-მინისტრის უცნაურ განცხადებას, რომ „აბა, სად არის ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის ფაქტები და დოკუმენტები?!“. მართლა ძალიან სასაცილოა ამ ადამიანის ეს უცნაური განცხადება, ოკუპანტთან ადამიანის თანამშრომლობაზე მეტყველებს მისი ქმედებები მთელი ამ 13 წლის განმავლობაში. ამ ქართული გვარის მქონე ადამიანმა, მაგრამ რუსმა ოლიგარქმა, რომელმაც მთელი თავისი მილიარდები სწორედ რუსეთში იშოვა. თუნდაც დავიწყოთ იმით, რომ მან თავისი სამშობლო დაადანაშაულა რუსეთთან ომში, თუნდაც გავიხსენოთ, როგორ დაიწყო საქმიანობა მას შემდეგ, რაც რუსული სპეცოპერციით მოიგო არჩევნები. პრეზიდენტ სააკაშვილისგან გადმოიბარა ხელისუფლება, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, ეს იყო ის, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა რუს ჯაშუშებს, ფაქტობრივად, საქართველოს სახელით ბოდიში მოუხადა და გამოუშვა ციხიდან. სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ რუსებმა მიიღეს თბილისის დაცვის ზღუდეების თაობაზე დეტალური ინფორმაცია. სწორედ ივანიშვილის, ამ მოღალატე რუსის დამსახურებაა, რომ რუსებმა მიიღეს 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების სრული სია. სწორედ ამ მოღალატე ადამიანის და მისი კრიმინალთა რუსული ბანდის დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელშიც არსებობს რაღაც სტრუქტურა ღალატის კომისიის სახით, რომელმაც რუსეთს უნდა ჩამობანოს სისხლიანი ხელები, გაამართლოს რუსეთის აგრესია და დაადანაშაულოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. სწორედ ამ მოღალატე ადამიანის ბანდამ, ახლახან, ეუთო-ს საპარლამენტოა ასამბლეაზე ხმა არ მისცა სირიისადმი მოწოდებას, რომ სირიამ კვლავ აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. აღიარება“, - განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, მისი თქმით, „რუსი ოლიგარქი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იზოლირებული იყოს ყველა მისი ჭეშმარიტი მეგობრისგან.
„რა საშინელებას ლაპარაკობენ, თითქოს ევროკავშირს, აშშ-ს უნდათ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ, აქ კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს. ევროკავშირი იგივე არ არის, რაც იყო 5-10-15 წლის წინ? ძალიან კარგად იციან, რომ ასეთ სისულელეს არავინ გვთხოვს და თავს არვინ გვახვევს, მაგრამ მისი პროპაგანდის საშუალებებით, კრემლის პროპაგანდის ინსტრუმენტებით ცდილობს, ვის მოტყუებასაც შეძლებს, კვლავაც მოატყუოს, დაკავებულია ამ მავნებლობით და ქვეყნის ღალატით. ბუნებრივია, ამ მანქურთებისთვის, ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის წარმომადგენლებისთვის არანაირ საბუთს და მტკიცებულებას აზრი არ აქვს, შავზე იტყვიან თეთრიაო, თეთრზე იტყვიან, შავიაო. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რასაც მათ პესკოვი, თუ მარგარიტა სიმონიანი და სხვები უწესებენ. პირდაპირ არის გადმოღებული მეთოდები და ხშირად, წინადადებები, მაგრამ მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამ ხნის განმავლობაში, კარგად გაერკვა, ვისთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, მას სჯერა, რომ განურჩევლად პარტიულობისა, მჯერა, ქართველი ხალხი გააგრძელებს თავის მშვიდობიან, არაძალადობრივ, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ ბრძოლას და „ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას, ამ ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქის მეთაურობით აუცილებლად დაამარცხებს“.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირის შესახებ დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს.
„დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0