22/01/2025
14:22
პოლიტიკა
გიორგი ბაჩიაშვილი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და ამბობს, რომ აფინანსებს აქციებსაც, თუმცა სად და რამდენს რიცხავს, არ აკონკრეტებს.
ამასთან, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე ემთხვეოდეს.
„პროკურატურის სპეცოპერაციას, რომ როგორმე ყველა ჩემი აქტივი იპოვოს, დაეუფლოს და უსაფუძვლოდ გაყინოს, მაგაში მონაწილეობა არ მივიღე და არც მივიღებ. შვეიცარიამ როგორც კი შეხედა რასთან ჰქონდა საქმე, რომ არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, მსგავს გამოძალვის ოპერაციაში არ ჩაერთო. არ ვარ მე ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის წევრი. ჩემი განცხადებები, თუ ნახავთ, ყოველთვის დემოკრატიაზეა ორიენტირებული. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის პარტიასაც, ან ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდეს განცხადებები, რომლებიც გარკვეულწილად შეიძლება ემთხვეოდეს ჩემს განცხადებებს. ვეხმარები თანხებით იმ ფონდებს, რომლებიც ეხმარება სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს“, - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.
ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი - ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
0
0