31/10/2023
10:10
მსოფლიო
გინესის რეკორდების წიგნის სპეციალისტები გადაამოწმებენ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ძაღლის ასაკს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბობი პორტუგალიაში ცხოვრობდა და არსებული მონაცემებით, 31 წლისა მოკვდა. ახლა ექსპერტებს ამ რიცხვში ეჭვი შეაქვთ.
ვეტერინარი და სამეფო კოლეჯის საბჭოს წევრი დენი ჩემბერსი ამბობს, რომ ბობის ასაკში ეჭვი ყველა მის კოლეგას ეპარება.
„ძაღლისთვის 31 წელი ადამიანის სიცოცხლის 200 წლის ეკვივალენტია, რაც თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობიდან გამომდინარე არარეალურია. უდავო მტკიცებულებები გვჭირდება“, - აცხადებს ჩემბერსი.
მისი განმარტებით, სიცოცხლის ხანგრძლივობით როგორც წესი პატარა ძაღლები გამოირჩევიან, რომლებსაც არ აქვთ ჭარბი წონა, ბობისგან განსხვავებით. ვეტერინარი ამბობს, რომ ხშირად მშობლები დაღუპულ ძაღლს ახლით ანაცვლებენ, რათა ბავშვს გული არ დაწყვიტონ და არ გამორიცხავს, რომ ბობის შემთხვევაშიც იგივე მოხდა.
ბობი 21 ოქტომბერს მოკვდა. სუფთა სისხლის პორტუგალიური მასტიფი იყო. ამ ჯიშის ძაღლების სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-14 წელია. ბობიმდე სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდი ძაღლებს შორის 29 წლის ბლუის ეკუთვნოდა, რომელიც 1939 წელს დააძინეს.
0
0