02/10/2021
16:14
საზოგადოება
,,კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან, სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.
გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!",- წერს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, კომპანია Merck-ისა და მისი პარტნიორის, Ridgeback Biotherapeutics-ის ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც მათი პრეპარატი Molnupiravir-ი სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის დაახლოებით ორჯერ მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.
კვლევაში 775 ზრდასრული კოვიდინფიცირებული იყო ჩართული, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებად მიიჩნეოდნენ.
კომპანია Merck-ი აცხადებს, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან და გეგმავს, რომ კვლევის შედეგები განსახილველად უახლოეს დღეებში წარუდგინოს. კომპანიის მტკიცებით, მედიკამენტის გამოყენების ნებართვის გასაცემად აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სტრუქტურებს უახლოეს მომავალში მიმართავენ.
0
0