თბილისში, ბაგების საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქალაქის მერი კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
პრემიერმა თბილისელებს ახალი ხიდის გახსნა მიულოცა და პროექტის განხორციელებაში ჩართულებს მადლობა გადაუხადა.
„მოგილოცავთ ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც იყო აბსოლუტურად განუვითარებელი, ნაცრისფერი სივრცე ჩვენს ქალაქში. მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის ამ ტერიტორიაზე სრულიად შეიცვალა იერსახე, განვითარდა გარშემო მთელი სივრცე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ამიტომ მინდა მივულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას, ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება.
მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, ეს პროექტიც განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული, განხორციელებული და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პირადად ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და მთლიანად მერიის შემადგენლობას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ არაჩვეულებრივი, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0