
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა 2026 წელს განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.
„საფუძველი ჩაეყარა 2 წყალსაცავის მშენებლობას - ერთია ილტოს წყალსაცავი, რომლის წინასაპროექტო კვლევა უკვე დასრულებულია და მეორე ლაკბეს წყალსაცავი, რომლის რეაბილიტაცია-მოდერნიზება განხორციელდება. გარდა ამისა, 2026 წელს ქალაქ ფოთში დაგეგმილია წყალგამყოფი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ქალაქს დატბორვისგან დაიცავს. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიისთვის გამოწვევაა სამხრეთ საქართველო, სადაც ვაპირებთ სამელიორაციო სისტემის აღდგენასა და მშენებლობას. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სარწყავი ფართობი დღეის მდგომარეობით 3700 ჰა-მდეა; მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად, ზრდა 12 000 ჰექტრამდე იგეგმება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა კლიმატგონივრული ირიგაციის პროექტის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აზიის განვითარების ბანკი მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. აუცილებელია ფერმერებმა მორწყვის სწორი სქემები გამოიყენონ წყლის რაციონალურად გამოყენების მიზნით.
„თუკი გვინდა, რომ გვქონდეს მეტი გასარწყავიანებული ფართობი, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ფერმერებს გარანტირებულად უნდა მივაწოდოთ სარწყავი წყალი და მუდმივად უნდა გვქონდეს მარაგიც. მისასალმებელია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, 2026 წლისთვის მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოიყო დაახლოებით 83 მილიონი ლარი. ასეთი მიდგომა და მხარდაჭერა დარგის მიმართ გარდამტეხ როლს შეიტანს კომპანიის განვითარებაში და მომსახურების სერვისი იქნება ბევრად გაუმჯობესებული, ვიდრე აქამდე“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
0
0