01/08/2024
19:27
პოლიტიკა
"ევროპულ საქართველოში" არსებულ დაპირისპირებას, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ადასტურებს. როგორც მან "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, პრაიმერიზის ჩატარების წესმა სერიოზული უთანხმოება გამოიწვია. მისი განცხადებით, გიგა ბოკერიამ საკუთარი პასუხისმგებლობა დაინახა და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
"პარტიაში იყო ძალიან სერიოზული უთანხმოება, განსაკუთრებით პრაიმერიზის შემდეგ, იყო მომენტები, რამაც ნდობა ფაქტობრივად ნულამდე დაიყვანა. იყო სერიოზული უკმაყოფილება პარტიის ლიდერების, როგორც რეგიონული, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრების დიდ ნაწილში.
დეტალებზე მოგვიწევს საუბარი, მე ვხედავ რომ პარტიის თავმჯდომარემ დაინახა თავისი პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში და მიიღო ეს გადაწყვეტილება. შევიკრიბებით, პარტიაში არის პოლიტიკური საბჭო, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება პარტიის სტრატეგია სამომავლოს. იქნება ეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა, თუ შესაძლოა რაიმე კოალიცია," - განაცხადა გიგი წერეთელმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ დღეს პოსტი და პარტია დატოვა.
0
0