
არაერთი ანგარიში გვახსოვს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების რღვევასა და უკუსვლაზე მიუთითებს, მაგრამ „ოცნების“ ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ, არადემოკრატიულმა და არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც შესაძლოა ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარტნიორებმა მოქალაქეების დამოკიდებულება უნდა გაითვალისწინონ და უვიზო რეჟიმის შეჩერება პერსონალურ დონეზე უნდა მოხდეს.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების დამოკიდებულება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნეგატიურია. ყველაფერს აკეთებენ, რომ დაგვაშორონ ამ გზას. მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ფარსი, ეს კლანური ძალაუფლებისა და შავი ფულის გადანაწილებისთვის ბრძოლაა და არა დემოკრატიული პრინციპებით ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევედაროთ პოზიტიური დინამიკით, ქვეყნის შიდა პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, უკრაინასა და მოლდოვას. შეგვიძლია შევადაროთ 5 წლის წინანდელი და ახლანდელი საქართველოს მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ასოცირებული ტრიოს ლიდერი ვიყავით - მაშინ საქართველოს ხელისუფლება გამოირჩეოდა თავისი დამოკიდებულებითა და მიდგომებით. კორუფციული რისკები არამარტო საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, სხვა ქვეყნებსაც აქვს, მაგრამ აქ მთავარია, როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას. დღეს „ოცნების“ დამოკიდებულება ნეგატიურია, ხოლო სხვა ქვეყნების დამოკიდებულება პოზიტიური. ადრე ლიდერი ქვეყანა ვიყავით, ახლა კი ბოლო ადგილას ვართ. ეს გამოიხატება იმაში, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას არა მარტო კორუფციული რისკების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ზოგადად დემოკრატიული პრინციპების განვითარებასა და გამყარებაში“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.
0
0