
დღეს გამოსული ზღვა ხალხი ამ აქციაზე და არა ოფიციალურ ღონისძიებებზე, რომელიც სამარცხვინოდ ჩატარდა, არის კიდევ ერთი შეხსენება – ყველამ უნდა იცოდეს, არათუ პროტესტი არსად წასულა, ლეგიტიმური ბრაზი მივა იქამდე, რომ რეჟიმი ჩამოიშლება, სხვა გზა დამოუკიდებლობის დაცვისა, ჩვენ არ გვაქვს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ამისთვის საჭიროა, უდიდესი უმრავლესობით, უდიდესი ინტენსივობის მშვიდობიანი პროტესტი იყოს მთელ ქვეყანაში.
„ჩვენ, ყველას და იმ ადამიანებს, ვინც აქ ვართ, გვესმის, რომ ამას სჭირდება არა უბრალოდ დიდი აქცია, ერთი, ორი ან სამი, არა უბრალო უმრავლესობა, არამედ ყველა ჩვენგანის მქადაგებლებად გადაქცევა, რომ უდიდესი უმრავლესობით, უდიდესი ინტენსივობის მშვიდობიანი პროტესტი იყოს მთელ ქვეყანაში. ეს არის ამ გაგრძელების მთავარი ამოცანა. რეჟიმის დამარცხებას სჭირდება ამ დიდი უმრავლესობის კიდევ უფრო ზრდა და კიდევ უფრო ყოვლისმომცველობის ეფექტის მოტანა. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ამოცანა და ამას ვიწყებთ ზაფხულში თბილისის ყველა ოლქში, რაიონში, მთელ ქვეყანაში, ყველა ის პოლიტიკური ერთეული, ვინც ამ ალიანსის წევრები ვართ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
0
0