
თბილისში მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე აცხადებს, რომ დღეს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მისი შვილი მხოლოდ ერთ ეპიზოდში ჩანს, ხოლო მისი ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული.
ცნობისთვის, თბილისში მოკლული მასწავლებლის საქმეში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ ახალი გარემოებები გახდა ცნობილი.
სოფო ძნელაძე ამტკიცებს, რომ კიდევ ერთ ჩხუბის ეპიზოდში, სადაც დემეტრე ჩიქოვანის სახელი ფიგურირებს, მისი შვილი მონაწილეობას არ იღებდა - "ეს არის აბსურდი, ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს ისეთი ბრალდება".
დაკავებული არასრულწლოვნის დედა აღნიშნავს, რომ დიდ დიღომში, სკვერში მომხდარი ჩხუბი "ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი" იყო.
"ამ კადრებში, რაც პროკურატურამ დღეს გვაჩვენა, ერთადერთ ვიდეოში, სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ღია სკვერში, სადაც არის ჩხუბი. დანარჩენ ჩხუბში, სადაც წერია, ერთი ეპიზოდია თუ არ ვცდები, სადაც დემეტრე ჩიქოვანი წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის, ეს არის აბსურდი, ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს ისეთი ბრალდება. დემეტრე ჩიქოვანის ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული. ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან ჩემს ოჯახზე.
იმ სკვერში [რომელიც ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში] იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი, არ ვიცი რასთან დაკავშირებით მოხდა ჩხუბი, მაგრამ რაც დავინახე სკვერში გოგოები, ბიჭები და უამრავი ხალხი, სახე დაფარული ჰქონდა მე რაც დავინახე, მაგრამ ჩემი შვილია და ვიცანი," - ამბობს სოფო ძნელაძე.
დაკავებული ალექსანდრე გაბაშვილის მამის თქმით, მას და მის ადვოკატს ჯერ საქმის მასალები არ გადასცემიათ და შესაბამისად სათქმელი არაფერი აქვს. რაც იცის მხოლოდ ისაა, რომ სხვა ბავშვის ტელეფონში პროკურატურამ ჩხუბის ვიდეოები ნახა.
საქმის მასალები ჯერ ჩვენ არ გვაქ და სათქმელი არაფერი არ მაქვს, ზოგადად ვიცი, რომ რაღაც ერთი წლის წინანდელი ვიდეო უპოვეს ვიღაც ბავშვს ტელეფონში, არა ჩემ შვილს, სადაც რაღაც ჩხუბი ჩანს, ამის მეტი მე ინფორმაცია არ მაქვს," - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი.
პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.
საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო.
კადრში ახალგაზრდა რომელსაც თან სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღი აქვს.
გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
0
0
ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა
10/02/2026