
მე ვერ ვიტყოდი, რომ დავითაშვილი დაქვეითებულია, მინისტრთა კაბინეტიდან ფიზიკური გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე რეგალია, ან ცოდნა მოაკლდა - მდივანი ეკონომიკურ საბჭოში არის საკმაოდ მაღალი რეგალია , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან დავითაშვილი არის მაღალი დონის სპეციალისტი, პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი, რომელმაც არაერთ წარმატებას მიაღწია.
ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ საკადრო ცვლილებები გასაკვირი არ არის.
"მე ვერ ვიტყოდი, რომ იგი დაქვეითებულია. მინისტრთა კაბინეტიდან ფიზიკური გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე რეგალია მოაკლდა, რაიმე ცოდნა მოაკლდა, ან მისი საჭიროება ამ სივრცეში, რასაც ჰქვია ეკონომიკური საქმიანობა, არის რაიმე ნიშით დაკნინებული. იგი არის მდივანი ეკონომიკური საბჭოში და პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ჯერ ეს ერთი, მდივანი ეკონომიკურ საბჭოში არის საკმაოდ მაღალი რეგალია. მეორე - საკადრო ცვლილებაც არ უნდა გაგვიკვირდეს. ხდება საკადრო ცვლილებები. ორნაირი ცვლილება შეიძლება მოხდეს. ერთი - დაითხოვო ადამიანი, დაემშვიდობო და მეორე - მის ადგილას მოიყვანო სხვა და თვითონ ის ადამიანი გადაანაცვლო არანაკლებ საპასუხისმგებლო პოზიციაზე," - განაცხადა ვოლსკიმ.
გარდა ამისა, მან ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის განცხადება შეაფასა, რომ "დავითაშვილის გაშვება ნიშნავს, რომ სულ ბოლო კავშირიც კი ჩახსნეს ამერიკელებთან და ევროკავშირთან" და განაცხადა, რომ ეს "უნიათო წამოძახილია, თითქოს, რაღაც კავშირი მხოლოდ ერთ მინისტრზე იყო დამყარებული".
ვოლსკი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში სერიოზული წინსვლა იქნება და ეს რომელიმე ერთ მინისტრზე არ არის დამოკიდებული.
"თინა ხიდაშელის ეს განცხადება რაღაცნაირი უნიათო წამოძახილია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, რაღაც კავშირი მხოლოდ ერთ მინისტრზე იყო დამყარებული და ის მინისტრიც მოაშორეს. თითქოს, ლევან დავითაშვილი ისეთ ადგილას წავიდა, რომ საერთოდ მოშორებულია ნებისმიერ საქმიანობას. ლევან დავითაშვილი პოზიციას იკავებს, სადაც კიდევ უფრო მეტი ურთიერთობების ვალდებულება აქვს, მათ შორის, აშშ-სთანაც, სხვა ქვეყნებთანაც, ინვესტორებთანაც აქვს სერიოზული სამუშაო და რასაკვირველია, იმ ბიზნესწრეებთან, რომლებიც საქართველოში არიან აქტიურად, უცხოელები თუ შინაურები.
რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს, ვფიქრობთ, რომ აქ იქნება სერიოზული წინსვლა და ეს რომელიმე ერთ მინისტრზე დამოკიდებული, რასაკვირველია, არ არის. თინა ხიდაშელის განცხადება არ არის მხოლოდ. ეს არის ის ტრენდი, რომლის განვითარებაც უნდათ საქართველოს მედია სივრცეში, თუ პროპაგანდაში, მაგრამ ამ ტრენდს წარმატება არ უწერია," - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. მას მარიამ ქვრივიშვილი შეცვლის.
0
0