
კონკრეტული ქვეყნის ხელმძღვანელი პირები დაინტერესებული არიან არჩევნების ამა თუ იმ შედეგით დამთავრებაში. მათ საკმაო რესურსი აქვთ, რათა ზემოქმედება მოახდინონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, კონკრეტული პირების მცდელობაა, საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია და ამ პროცესის განვითარების ერთ-ერთ მექანიზმად ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ადამიანებს იყენებენ.
„გაგიკვირდებათ და ქართველები, რომლებიც რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს მხარს უჭერენ, ამ კონკრეტული ქვეყნების ადმინისტრაციების დახმარებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორს იმ ქართველებზე, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. მთელ რიგ შემთხვევაში არაჯანსაღი ვითარებაა შექმნილი. არაერთი ადამიანია, ვისაც არჩევნებზე მისვლა და ხელისუფლების მხარდაჭერა უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. უფრო მეტიც, ყველას ემუქრებოდნენ, რომ დეპორტაციის საკითხს დააყენებდნენ, სიებს შეადგენდნენ და შედგა კიდეც ასეთი სიები, რომლებიც გარკვეულ ადმინისტრაციებს გადაეცათ, რათა დასჯილიყო ის ხალხი, ვინც მათ პოზიციას არ იზიარებდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.
0
0