
მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ უპირობო, ქედმოხრილ დამოკიდებულებას შეეჩვია. ნიკა მელიაც თავის პოლიტიკურ კარიერას სტრატეგიულად გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ერთობას გარკვეული ინსტრუქცია განაპირობებს – ოპოზიციაში არ იქნება ერთობა, არ იქნება დაფინანსება.
„მელიამ ზუსტად იცის, რომ სააკაშვილს სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი, როცა რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საშუალება მისცა. ის, რომ ქუჩებში 150 ადამიანია დახოცილი, ეს მელიასთვის სერიოზული დამაბრკოლებელია, რომ ბოლომდე სააკაშვილის ლოიალური იყოს. მელია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია და ჰგონია, რომ უკეთესია, ვიდრე სისხლიანი სააკაშვილი, თუმცა ვინც სააკაშვილს აკრიტიკებს, მათ დანაშაული თავად აქვთ ჩადენილი ან ხელი აქვთ შეწყობილი. მელია ამ თემისგან შორს არ არის. სააკაშვილს გიგი უგულავამ ჩამოწერილი მანქანა უწოდა და მოუწოდა, პოლიტიკურ სანაგვეზე გადავარდნილიყო, თუმცა პოზიცია მოგვიანებით შეიცვალა და კრიტიკოსები მისი მაქებრები გახდნენ. ეს დაპირისპირებები შიგნით არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იდეა მკვდარია. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თვითმყოფადია, მის სათავეში მელია იქნება, სააკაშვილი თუ ბოკუჩავა. ერთობას გარკვეული ინსტრუქცია განაპირობებს – ოპოზიციაში არ იქნება ერთობა, არ იქნება დაფინანსება. გახსოვთ, ოპოზიციას ქარტიის სახით სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენეს და ქარტიას ხელი გვარამიამ მოაწერა, რომელმაც ზურაბიშვილის მიმართ არგასამეორებელი სიტყვები თქვა. არ ვფიქრობ, რომ ინსტრუქცია შეიცვალა, ინსტრუქცია იგივეა. თუ რაიმე ექსტრემიზმს აცოცხლებს, გარე ფაქტორია. თუ მათი მხრიდან გარე ფაქტორის მიმართ აგდებული დამოკიდებულება იქნება, ეს სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს იმ სამსახურში, რასაც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გაერთიანება ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0