24/01/2026
14:22

"ვფიქრობ, რომ თავად საკითხის შესწავლის დაწყება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, გულისხმობს იმას, რომ არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, იმისთვის, რომ საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოვუხსნათ მთელი რიგი მიმართულებებით," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც პროდუქტებზე ფასების შემცირებაზე მუშაობას გულისხმობს.
"აუცილებელია, ზედმიწევნით ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა და ზედმიწევნით ვიცოდეთ ის მარშრუტი, რომელსაც საქონელი გადის ბაზებიდან, საიდანაც მოედინება დახლებამდე, და რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს განგებ მოგონილი საბოტაჟი. ან, იქნებ, რაიმე მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს. მე ვფიქრობ, რომ თავად საკითხის შესწავლის დაწყება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, გულისხმობს იმას, რომ არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, იმისთვის, რომ საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოვუხსნათ მთელი რიგი მიმართულებებით," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, მომავალ კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერი მეწარმეებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება. სურსათის გარდა, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.
ირაკლი კობახიძე სხვადასხვა უწყების პირველ პირებთან ერთად, უკვე შეხვდა მსხვილი ქსელური მარკეტების და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.
0
0