
არ ვფიქრობ, რომ რაიმე ფასი აქვს მაია სანდუს განცხადებას - სულ რომ პოზიტიური განცხადება გააკეთოს, იმასაც არ აქვს ფასი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა-ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, მაია სანდუს არც დადებითი და არც უარყოფითი განცხადება არ შეიძლება იყოს სერიოზულად აღქმული.
"ომის შიში არ არის ციდან ჩამოტანილი თემა. სანდუც და ყველა მისნაირ მხარს უჭერდა, რომ საქართველოში განვითარებულიყო პროცესი და აქ სისხლი დაღვრილიყო, ისევე, როგორ უკრაინაში, იქნებ, სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა....
თავისი ქვეყანა გააუქმა, აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს. როცა მისი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ, რომ რაიმე პოზიციურს იტყვის, მით უმეტეს, ანალიზზე დაყრდნობით იტყვის რამეს. მოლდოვა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა [ევროკავშირის] კანდიდატ ქვეყნებს შორის. რა დახმარება უშველის, არ ვიცი. არც მხარდაჭერა აქვს საკუთარ ქვეყანაში. უმძიმეს მდგომარეობაშია პოლიტიკურად. კორუფცია ჭამს ქვეყანას, რაც წარმოუდგენელი მასშტაბებით არის. სიღატაკის ის დონე, რომელიც მოლდოვაშია, არანაირ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომ ოდესმე, მისი რაიმე პოზიცია და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. აქედან გამომდინარე, იცლის და უტიფარ განცხადებას აკეთებს ჩვენთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაცია ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ახდენს და საკმაოდ საფრთხის შემცველია რეალურად გინდ სამხედრო, გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ძალიან კარგად იცის მან. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ფასი აქვს მის განცხადებას. სულ რომ პოზიტიური განცხადებაც გააკეთოს, იმასაც ფასი არ აქვს, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყანა არ წარმოუდგენია როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. მისი არც დადებითი, არც უარყოფითი განცხადება არ შეიძლება იყოს სერიოზულად აღქმული", - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა".
„ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, - აღნიშნა სანდუმ.
0
0