
ოპოზიცია არ გაქრება, ოპოზიციური ფლანგი იმ პოლიტიკურმა ძალამ დაიკავა, რომელიც ხელისუფლების ბერკეტების ფლობის დროს, დანაშაულებებს სჩადიოდა, თავადვე ამბობენ, დანაშაულები უნდა ჩაგვედინა, რათა სახელმწიფოში წესრიგი დაგვემყარებინაო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ კადრები ნახა, სადაც ადამიანებს აუპატიურებენ, სცემდნენ, კლავნენ და ხვრეტნენ.
„დღეს, იგივე ძალა ქვეყანას ერჩის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს, მაგრამ უკვე სხვა ბერკეტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებს. ამ რეალობაში წარმოიშვა მთავარი კითხვა – ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარტიულ ცხოვრებას გამოეთიშა და რევოლუციური სისტემის განვითარებაზე გადავიდა, აქვს თუ არა უფლება, პოლიტიკაში იყოს? ვინც ის სისტემა შექმნა, რომელმაც ქვეყანა დააზარალა და დღემდე ამ უშველებელი მემკვიდრეობით მოვდივართ, რასაკვირველია, მათ პოლიტიკური სტატუსით პასუხი უნდა აგონ. კანონის შეცვლის აუცილებლობა სწორედ ამან წარმოშვა. პოლიტიკაში დღეს მყოფ ადამიანებს საშუალება ექნებათ, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მოსაწონად საკუთარი თავი წარმოაჩინონ. არ შეიძლება, პარტია არსებობდეს, რომელმაც ეს ქვეყანა სადისტური მეთოდებით მართა და დღეს კვლავ ამ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას ცდილობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0
პუტინი ორბანს ესაუბრა - კრემლი
17/10/2025