
ყველამ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა რაც დაწერა, სიმართლეა. ბევრმა ეს ვიცოდით კიდეც, თუმცა პრეზიდენტმა ამ კომბინირებული პოსტით ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებისთვის ეცნობებინა სიმართლე, რა და როგორ ვითარდებოდა ოპოზიციის, პოლიტიკურ პარტიებს, „ნაცმოძრაობის“ შიგნით, როგორ ცდილობდა ეს რეჟიმი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩას, ვინ იყო ჩართული, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო ძალების ერთიანობაზე სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი ხანია, საუბრობენ.
„რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, სხვა პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო ძალების ერთიანობას, ამის თაობაზე პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი ხანია, ვსაუბრობთ. მათ შორის წინა წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხაზს ვუსვამდით, რომ ის არჩევნები არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები – შეეცდება რეჟიმი მორიგი სპეცოპერაციის ჩატარებას და ასე მოხდა კიდეც. ჩვენ არ უნდა ვიქცეოდეთ ისე, თითქოს მიჩვეული ვართ ამ ვითარებას და ყველას გვაქვს ფუფუნება, რაღაც ჩვეულებრივ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, როგორც ჩვეულებრივმა პარტიებმა, რომ ეს პროცესი ერთ-ერთი გადამწყვეტია სახელმწიფოებრიობის. ყველა ჯანსაღი ძალა, განურჩევლად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და მიმდინარეობისა, უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ერთად უნდა იყოს კონსოლიდირებული ქართული საზოგადოება და ასე დაინახოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის წინააღმდეგ გაუადვილებდა ჩვენს ხალხს არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ, ეს არ გაიზიარა მაშინ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ და არჩია თავისი გზით წასვლა, თითქოს ჩვეულებრივი არჩევნები იყოს, ისე ააწყეს საარჩევნო კამპანია.
ახლა უნდა ვისაუბროთ ყველა იმ ძალაზე, იქნება თავისი სახელწოდებით პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური,არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ ემსახურება ამ რეჟიმის ინტერესებს, პირდაპირ არ არის დაქირავებული ამ რეჟიმის მიერ, როგორიცაა ეს ახლად შექმნილი რაღაც „ნეიტრალური საქართველო“ და ეს ვითომ „ხალხის ძალა“, ისევ რუსქოცების დანაყოფები და ვინც დღეს სასარგებლო იდიოტის როლს თამაშობს, გონს თუ მოეგებიან, ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული ერთ დიდ საერთო მოძრაობაში საქართველოს გადარჩენისთვის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება.
„ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0