
მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებულ პროგრამაში, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის სრულად დაფინანსებას ითვალისწინებს, თბილისის მერიაც იქნება ჩართული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერია მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ოპერაციის სრულად დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„იცით, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი შედგება ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებისგან, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ასახულია ბიუჯეტში და ყოველწლიურად ძალიან დიდი თანხები იხარჯება ამ მიმართულებით, რომ ადამიანებს დავეხმაროთ და ჩვენი სამსახურების მხრიდან ჰქონდეთ თანადგომა. წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი ფინანსდება სხვადასხვა ოპერაციების და პროგრამების სახით, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამა არის ღვიძლის გადანერგვის პროგრამა.
2018 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება. პროგრამის დაწყებისას ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მოქალაქე მომსახურეობისას განსაზღვრული ტარიფის 50 პროცენტით ფინანსდებოდა მუნიციპალიტეტის მხრიდან. მოგვიანებით, დაფინანსება გავზარდეთ, დავამატეთ 10 ათასი ლარი და 70 ათასი ლარით განისაზღვრა. თუ ღირდა 120 ათასი ლარი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, დედაქალაქის მერია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აფინანსებდა 70 ათასი ლარით. იგივე პროგრამა ხორციელდებოდა ბათუმში.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მისასალმებელია და დაფინანსების ოდენობა სახელმწიფოს მხრიდან განისაზღვრა 100 პროცენტით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენ მივესალმებით და დედაქალაქის მერიაც უერთდება გადაწყვეტილებას. აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში. ანუ დედაქალაქის მერიაც სრულად დააფინანსებს აღნიშნულ ოპერაციას და ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რათა ვისაც ეს სჭირდება, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ექნება მხარდაჭერა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენც ვუერთდებით და თუ აქამდე 120 ათასი ლარიდან 70 ათასი ლარით ფინანსდებოდა, ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი წევდა, დანარჩენი თანხების მოძიება უშუალოდ ადამიანებს უხდებოდათ, დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილი იქნება და 100 პროცენტით იქნება დაფინანსებული აღნიშნული პროგრამა ჩვენი მხრიდანაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0